საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.