News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბერიძის ინტერვიუ Energy News_თან

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. როგორც სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე Energynews-თან საუბრისას აცხადებს, 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა და გვიჩვენა, რომ სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობაში არის მდგრადი.

"გასულმა წელმა გვიჩვენა, რომ სასწავლო ცენტრი თავის საქმიანობაში არის მდგრადი, ჰყავს  მომხმარებლები, რომლებიც ყოველთვის ელოდებიან ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტს. პირველ რიგში, აღნიშნული ბენეფიციარები არიან რეგულირებული საწარმოების თანამშრომლები, რომელთათვისაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ამზადებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს აქტუალურ საკითხებზე. მოგეხსენებათ, რომ რეგულირება  ხდება სამი ბუნებრივი მონოპოლიის, კერძოდ,  ენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების. ამ ყველაფერს ასევე დაემატა ირიგაციის საკითხები. შეგვიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით ცენტრის საქმიანობის პროფილი სრულად ჩამოყალიბდა და 2023 წელს ძალიან გამართული გრაფიკით ვიმუშავეთ. ჩავატარეთ მნიშვნელოვანი ტრენინგები, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის რეგულირების საფუძვლებზე, ასევე ჩატარდა სატარიფო რეგულირების პრინციპების ტრენინგები, აგრეთვე კონკურენციის სამართალი ეკონომიკის რეგულირების სექტორებში. გარდა ამისა, შედგა ჩვენი ტრადიციული მედიაკლუბი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრენინგებით ენერგეტიკის 200-მდე სპეციალისტმა გაიარა გადამზადება და დაეუფლა თანამედროვე ცოდნას რეგულირების საკითხებზე. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ ზოგადად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.  ამ კუთხით კარგი ნიშა გამოიკვეთა დებატების ცენტრთან ერთად, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საინტერესო დებატები განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით, სადაც მონაწილეობდა 800-მდე მოსწავლე". 

ძირითადად რა მიმართულებების ტრენინგზეა მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი ინტერესი?

" ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მეტი აქტიურობა შეინიშნება ელექტროენერგეტიკის სექტორში და მათ შორის, რეგულირების თანამედროვე მეთოდებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი, შესაბამისად გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ევროპული რეგულაციების ჩვენ კანონმდებლობაში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ახალგაზრდა სპეციალისტები ინტერესდებიან თუ როგორი ტიპის თანამედროვე რეგულაციები გაჩნდება ქვეყანაში ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად".

საბოლოო ჯამში, რა შედეგზე უნდა გავიდეთ აღნიშნული ტრენინგებით?

"პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ენერგეტიკის თანამედროვე დარგის ჩამოყალიბება. როგორც მოგეხსენებათ ქვეყანაში მიმდინარეობს ელექტროენერგეტიკის სტრუქტურული რეფორმა, ბაზრის ლიბერალიზაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთან უნდა იყოს ისეთი კონკურენტული ბაზარი, როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინსწრებით გადადგმული ნაბიჯები  გვჭირდება სპეციალისტების მომზადების კუთხით, რასაც სასწავლო ცენტრი აქტიურად ახორციელებს. ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტები უკვე უნდა იცნობდნენ იმ ახალ მეთოდოლოგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე". - აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ისეთ პროდუქტებს სთავაზობს აუდიტორიას როგორებიცაა:

  • სასწავლო კურსები/ტრენინგები;
  • საჯარო ლექციები და გაკვეთილები;
  • თემატური სემინარები/ვებინარები;
  • კონფერენციები და სამეცნიერო ფორუმები;
  • მასტერკლასები;
  • საპილოტე პროექტების ინიცირება და განხორციელება;
  • თემატური ფუნდამენტური კვლევების წარმოება;
  • მეთოდოლოგიური ხასიათის ნაშრომების შექმნა;
  • ელექტრონული ჟურნალის გამოცემა და კვლევითი, პუბლიცისტური ნაშრომების მომზადება;

EnergyNews.ge: https://rb.gy/bg84j5