News

იუნისეფის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სემეკთან არსებულმა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის - „სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.  შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ  ინფორმაცია პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე პროექტის დონორი და აპლიკანტი  ორგანიზაციის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და სკოლების დირექტორებმა. შეხვედრები გაიმართა ქ. ბათუმში, ქ ქუთაისში, ასპინძის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს,  ყაზბეგის, ხაშურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

„სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის რესურსების შესახებ რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის  ცნობიერების ამაღლება“  პროექტის მიზანია სასმელი წყლის ხარისხისა და წყალის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებში რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით დაინტერესება, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის  იდეის გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.  ინიციატივის შედეგად 300-ზე მეტი  ახალგაზრდა მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის ხარისხისა და რესურსების შესახებ.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციების ორგანიზება ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა  და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. 

სასწავლო ცენტრის შესახებ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებულელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრიმიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზისა  და წყალმომარაგების სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება. 

გაეროს ბავშვთა ფონდის შესახებ: გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 70 წელზე მეტია მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში, რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს. 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის. იუნისეფი 20 წელზე მეტია ეხმარება ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებასა და სოციალურ ინკლუზიას, შევამციროთ უთანასწორობა, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.