ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის სემეკის წარმომადგენლების მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერებასა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.