News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, პროექტ ''დებატები უკეთესი განათლებისთვის'' ფარგლებში დებატების ეროვნული ტურნირის ფინალი გაიმართა

ფინალური შეხვედრა სემეკის ოფისში გაიმართა, სადაც დებატებში გამარჯვებული მოსწავლეები, დებატების კლუბების ხელმძღვანელები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულებს თემატური საჩუქრები გადასცეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარემ თინათინ ცერცვაძემ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
დებატების ეროვნულ ტურნირში, რომლის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბების წარმომადგენლებმა. ტურნირის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში სასმელი წყლის ტარიფების საკითხებზე.
სემეკის თავმჯდომარემ დადებითად შეფასა დებატების ეროვნული ტურნირი და აღნიშნა, რომ ასეთ ტიპის ღონისძიებებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობა ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას აქტუალურ საკითხებზე: „სემეკი და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. როგორც ცენტრის, ასევე სემეკის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების, სტუდენტების მუდმივ ინფორმირებულობას სემეკის რეგულირების ფარგლებში არსებულ საკითხებზე. მოხარული ვარ, რომ დღეს, სემეკში ვუმასპინძლეთ დებატების ეროვნული ტურნირის ფინალს. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი სადებატო თემას, რომელიც შეეხებოდა სემეკის რეგულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, წყალმომარაგების ტარიფებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას. დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელებმა ტურნირის 700-მდე მონაწილეს გააცნეს წყალმომარაგების რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.
დებატების ეროვნული ტურნირი ჩატარდა სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტ - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.