დასახელება: კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 13 აპრილი, 18:00 საათი.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.
კურსის ფარგლებში გაიმართება ჯამში 11 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა - 1 სთ. 30 წთ.
კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
კურსის ღირებულება: 600 ლარი
კურსის ფარგლებში შეხვედრები დაიწყება 20 აპრილს, 19:00 საათზე. შეხვედრები შედგება კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე, მისამართი: ა. მიცკევიჩის N 19.
კურსის შინაარსი:
შეხვედრა I კონკურენციის სამართლის არსი, ფუნქცია და მისი ადრესატები, თავისუფალი კონკურენციისა და ბაზრის რეგულირების
ურთიერთმიმართება.
ტრენერი: გიგა ადამია
შეხვედრა II ეკონომიკური აგენტის, საწარმოს, სახელმწიფო დახმარების გამცემის,
სახელმწიფო ორგანოსა და შესაბამისი ბაზრის ცნებები; ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაცია.
ტრენერი: გიგა ადამია/ნიკა სერგია
შეხვედრა III დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება I.
ტრენერები: გიგა ადამია
შეხვედრა IV დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება II.
ტრენერები: გიგა ადამია/ნიკა სერგია
შეხვედრა V კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების არსი და სახეები.
ტრენერი: გიგა ადამია
შეხვედრა VI კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვიდან გამონაკლისები.
ტრენერები: გიგა ადამია/ნიკა სერგია
შეხვედრა VII კონცენტრაციების კონტროლი.
ტრენერი: გიგა ადამია
შეხვედრა VIII სახელმწიფო დახმარება და სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვა.
ტრენერი: გიგა ადამია
შეხვედრა IX კონკურენციის სამართლის აღსრულება ფინანსურ სექტორში.
ტრენერები: ეკა ბერიანიძე, თამარ ქუსიკაშვილი
შეხვედრა X მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში კონკურენციის სამართლის აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
ტრენერი: ირაკლი ბუთბაია
შეხვედრა XI კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება.
ტრენერი: გიგა ადამია
ტრენერები:
გიგა ადამია
გიგა ადამია 2020 წლიდან საქმიანობს სემეკში, იურიდიულ დეპარტამენტში. 2017-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ეკავა კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსის პოზიცია. ასევე საქმიანობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრი.
იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი კვლევის სფეროა კონკურენციის სამართალი და კონკურენციის სამართლის მიმართულებით არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
გიგა ადამიას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კიოლნის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.). მიღებული აქვს არაერთი კვლევითი და სასწავლო სტიპენდია.
ნიკა სერგია
ნიკა სერგიას მინიჭებული აქვს თსუ სამართლის ბაკალავრისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს სწავლობდა ჰამბურგისა (გერმანია) და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტებში სამართალმცოდენეობის ფაკულტეტებზე. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ასისტენტ-პროფესორი კონკურენციის სამართლის მიმართულებით.
სხვადასხვა პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კარტელური ხელშეკრულებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს, იყო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარე.
ნიკა ამჟამად არის საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი.
ირაკლი ბუთბაია
ირაკლი ბუთბაია 2019 წლიდან საქმიანობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სხვა.
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი პროგრამა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
თამარ ქუსიკაშვილი
თამარ ქუსიკაშვილი 2023 წლის 1 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსია. 2020 წლის ივნისიდან იგი იურიდიულ დეპარტამენტში სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო იქამდე თითქმის სამი წლის განმავლობაში ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი იყო. საქართველოს ეროვნულ ბანკში ბევრ სხვა პროექტზე მუშაობის პარალელურად, იგი აქტიურად იყო ჩართული საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების, ასევე ამ მიმართულებით სამართალწარმოების პროცესებში.
მისი სამუშაო გამოცდილება მთლიანად საჯარო სექტორს უკავშირდება. ვიდრე საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიულ გუნდს შეუერთდებოდა, იგი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, თავდაპირველად სამართალშემოქმედების დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს 2010 წელს. სხვადასხვა დროს დასრულებული აქვს სამაგისტრო პროგრამა Loyola University Chicago-ში (LLM in Rule of Law for Development) და College of Europe-ში (Master of European Law (LLM)).
ეკა ბერიანიძე
ეკა ბერიანიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ ეტაპზე ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსია, შესაბამისად, სხვა პროექტებთან ერთად, ის აქტიურად იყო ჩართული საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში. ამ ეტაპზეც მისი განყოფილება, სხვა პროექტებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული კონკურენციის ჩარჩოს დახვეწისა და პრაქტიკაში მისი ეფექტური აღსრულების პროცესებში.
მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს 2014 წელს, ხოლო 2016 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.