გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, შეხვედრები გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ტრენერებმა - თორნიკე აფრიაშვილმა და ირაკლი გორდულაძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების, კლიმატის ცვლილებებისა და ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები. ტრენინგების დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.