News

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, სემეკსა და დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია დიპლომატიის სფეროში სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მემორანდუმის მხარეებს შორის ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.